ინიციატივამ “Science Based Targets" პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის ემისიების შემცირების უახლოესი მიზნები დაამტკიცა
- “Science Based Targets" (SBTi) ინიციატივის მიერ პროკრედიტ ჰოლდინგის უახლოესი მიზნების დამტკიცება ადასტურებს, რომ ეს მიზნები მეცნიერებაზეა დაფუძნებული და პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმებას შეესაბამება.
- პროკრედიტ ჰოლდინგი მყარ გარანტიას იძლევა, რომ 2022 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში 42%-ით შეამცირებს ჯგუფის აბსოლუტურ Scope 1 (პირდაპირი) და Scope 2 (არაპირდაპირი) სათბურის გაზების ემისიებს.
- პროკრედიტ ჰოლდინგის დამტკიცებული Scope 3 (სხვა არაპირდაპირი) ემისიების პორტფელის მიზნები მისი მთლიანი ინვესტიციებისა და დაკრედიტების 57%-ს მოიცავს მთლიანი აქტივების მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით.
- პროკრედიტ ჰოლდინგის Scope 3 მიზანია იმ კლიენტებთან თანამშრომლობა, რომლებზეც ჯგუფის ემისიების 28% მოდის. აღნიშნულმა კლიენტებმა 2027 წლამდე უნდა განსაზღვრონ საკუთარი მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნები.
- პროკრედიტ ჰოლდინგი მყარ გარანტიას იძლევა, რომ 2030 წლამდე გააგრძელებს მხოლოდ განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას.
მაინის ფრანკფურტი, 2024 წლის 8 მარტი - პროკრედიტ ჰოლდინგი გააგრძელებს მდგრადობის სტრატეგიის განხორციელებას და ნულოვან ემისიებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ზომების გატარებას, რაც გულისხმობს SBTi-ის მიერ დამტკიცებული პირველი უახლოესი მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების განსაზღვრას. ჯგუფი, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ოპერირებს, გააგრძელებს გარემოზე საკუთარი ზემოქმედების შემცირებას და მყარ გარანტიას იძლევა, რომ 2022 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში საკუთარ ემისიებს 42%-ით შეამცირებს. ეს შესაძლებელი იქნება თავის მომწოდებლებს შორის განახლებადი ენერგიის მომწოდებლების წილის გაზრდით, ასევე მის ავტოპარკში ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდით და შენობებსა და პროცესებში ენერგოეფექტურობის მეტი ზომების დანერგვით.
რაც მთავარია, პროკრედიტი აქტიურად მხარს დაუჭერს თავის კლიენტებს დეკარბონიზაციის აქტივობებში, რადგან Scope 3 (სხვა არაპირდაპირი) ემისიების ყველაზე მეტი წილი კლიენტებზე მოდის, რაც ჯგუფის საერთო ემისიების 95%-ზე მეტს წარმოადგენს. ეს მხარდაჭერა ითვალისწინებს ნახშირბადის ემისიების აღრიცხვის ღონისძიებების გატარებას და კლიენტების ხელშეწყობას, რაც აუცილებელია სტრატეგიების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად. ამ გარდამავალ პერიოდში პროკრედიტი კვლავ „Hausbank“ იქნება კლიენტებისთვის.
Scope 3 (სხვა არაპირდაპირ) ემისიებთან დაკავშირებული საკუთარი მიზნების დასახვისას, პროკრედიტ ჯგუფმა მთლიანი ინვესტიციებისა და კლიენტების დაკრედიტების 57% მოიცვა. პროკრედიტ ჰოლდინგის 2027 წლის Scope 3 მიზნების პირველი ნაწილი მცირე და საშუალო საწარმოებთან (SME) თანამშრომლობას ეხება. მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე ჯგუფის პორტფელის ემისიების 28% მოდის. აქცენტი გაკეთდება სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორებზე. ჯგუფის ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება მთლიანად განახლებადი ენერგიის (RE) პროექტებისგან შედგება და პროკრედიტ ჯგუფი მყარ გარანტიას იძლევა, რომ 2030 წლამდე გააგრძელებს მხოლოდ განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას, რაც Scope 3 მიზნებთან დაკავშირებული ვალდებულების მეორე ნაწილია.
„ჩვენ ეს კონკრეტული ზომები შევარჩიეთ ჩვენი კორპორატიული ღირებულებებისა და ბიზნეს მიდგომის შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, რაც Hausbank-ის კონცეფციის ნაწილია. გარდა ამისა, პროკრედიტ ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას იმ ქვეყნებში, სადაც ჯგუფი ოპერირებს. ზომების განსაზღვრისას ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ ემისიების შემცირების მიზნების მიღწევის მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომა და მოხარულნი ვართ, რომ ეს ზომები SBTi-მა აღიარა.“ განმარტავს ჰუბერტ შპეხტენჰაუზერი, პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
გარდა ამისა, ჯგუფის პორტფელის 20% გამოყოფილია კლიენტების მიერ ისეთი მწვანე აქტივების შეძენის დასაფინანსებლად, როგორიცაა ენერგოეფექტური აღჭურვილობა, ფოტოელექტრული სისტემები, ეკოლოგიური შენობები, ელექტრონული მანქანები, ნარჩენების მართვის აღჭურვილობა და სხვა ნივთები.
როგორც „ნახშირბად-ნეიტრალობის საბანკო ალიანსის“ (Net-Zero Banking Alliance) შემთხვევაში იყო, პროკრედიტმა 2022 წელს ვალდებულება აიღო და განსაზღვრა მიზნები SBTi ინიციატივის შესაბამისად. ინიციატივა ხელს უწყობს კომპანიებს განსაზღვრონ ემისიის შემცირების მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნები პარიზის ემისიების შესახებ შეთანხმების მიზნების შესაბამისად. პარიზის შეთანხმების თანახმად, გლობალური ტემპერატურის მატება პრეინდუსტრიულ ხანასთან შედარებით 1,5°C-მდე უნდა შემოიფარგლოს. SBTi ინიციატივის მიზანია, რომ 2030 წლამდე კომპანიებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაანახევრონ სათბურის გაზების ემისიები, ხოლო 2050 წლისთვის სრულად ნულამდე შეამცირონ.
SBTi-ის მიერ განხორციელებული დამტკიცებების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე. https://sciencebasedtargets.org/companies-taking-action
პროკრედიტ ჯგუფის მდგრადობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 2022 წლის ზემოქმედების ანგარიშში. 2023 წლის ზემოქმედების ანგარიში გამოქვეყნდება 2024 წლის 20 მარტს.
საკონტაქტო პირი
ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,
ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com
პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის შესახებ
პროკრედიტ ჰოლდინგი AG, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest GmbH & Co KG (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), KfW, Dutch DOEN Participaties BV და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: https://www.procredit-holding.com/.