პროკრედიტ ჯგუფი თავის კომპლექსურ მდგრადობის სტრატეგიაში საკვანძო ეტაპებს აღწევს 2023 წელს და შემდგომ მიზნებს სახავს
- 2023 წლის ფინანსური წლის ზემოქმედების ანგარიშის პაკეტის გამოქვეყნება;
- კოსოვოში პროკრედიტის მზის ელექტროსადგურის ProEnergy-ის გახსნა, რაც ხაზს უსვამს კლიმატური ნეიტრალიტეტის მოპოვებისკენ ჯგუფის სწრაფვას;
- პროკრედიტ ბანკი უკრაინის სათავო ოფისს მწვანე შენობის EDGE სერტიფიკატი ენიჭება, რამაც ამ სერტიფიკატით დაჯილდოვებული სათავო ოფისების საერთო რაოდენობა 6-მდე გაზარდა;
- გენდერული სამოქმედო გეგმის შემუშავება და ინკლუზიური საფინანსო კონცეფციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები, მათ შორის 2X გლობალურ ინიციატივაში გაწევრიანება;
- ნულოვანი ემისიების მიღწევის სტრატეგია და ემისიების შემცირების პირველი SBTi ინიციატივის მიერ დადასტურებული მოკლევადიანი მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების განსაზღვრა.
მაინის ფრანკფურტი, 2024 წლის 20 მარტი - პროკრედიტ ჯგუფი, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ოპერირებს, თავის საქმიანობას აფასებს არა მხოლოდ მომხმარებელთა საჭიროებებისა და მომგებიანობის მაჩვენებლების მიხედვით, არამედ იმ ზემოქმედების თვალსაზრისითაც, რაც მისმა საქმიანობამ შეიძლება მოახდინოს საზოგადოებასა და გარემოზე. გამოქვეყნებული ზემოქმედების ანგარიში დოკუმენტურად ასაბუთებს 2023 წელს გარემოს დაცვის, სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორატიული მმართველობის (ESG) ძირითად შედეგებსა და ინიციატივებს, გლობალური ანგარიშგების ინიციატივებით დადგენილი (GRI) სტანდარტების შესაბამისად. ამ სტანდარტების დაცვასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (მგმ) მხარდაჭერასთან ერთად, ჯგუფმა 2023 წლის ზემოქმედების ანგარიშის პაკეტის მომზადებისას ასევე გაითვალისწინა სხვა ნებაყოფლობითი ინიციატივებიც, როგორიცაა გაეროს გლობალური შეთანხმება, პასუხისმგებელი საბანკო საქმიანობის პრინციპები (UNEP-FI), პარტნიორობა ნახშირბადის ემისიების აღრიცხვის ფინანსური ანგარიშგებისთვის (PCAF) და ერთობლივი ზემოქმედების მოდელი (JIM). მიმდინარე წლის ანგარიშის სტრუქტურა ფოკუსირებულია ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პრიორიტეტებზე, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ინვესტიციები, მრავალფეროვნება და ინკლუზია, მწვანე ენერგია და კლიმატის დაცვა და მდგრადი განვითარების შემდეგ ხუთ მიზანს ეფუძნება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროკრედიტ ჯგუფისთვის: მგმ 5 - გენდერული თანასწორობა, მგმ 7 - ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, მგმ 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მგმ 9 მრეწველობა და ინოვაცია და მგმ 13 კლიმატის მოქმედება.
ეთიკური და გარემოსდაცვითი მოსაზრებები პროკრედიტ ჯგუფის დნმ-ის ნაწილია მისი დაარსების დღიდან. ამის საფუძველზე შემუშავდა მდგრადობის ინტეგრირებული, კომპლექსური მიდგომა. ეს აისახება მკაცრ ეკოლოგიურ და ეთიკურ მოთხოვნებში კლიენტების, მომწოდებლების და სხვა ბიზნეს პარტნიორების შერჩევისას.
2023 წლის ივლისში ჯგუფის საკუთარი მზის ელექტროსადგურის ProEnergy-ის გახსნით და კოსოვოს ელექტრო ქსელთან მიერთებით, პროკრედიტ ჯგუფმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კლიმატური ნეიტრალიტეტის მისაღწევად. ფოტოელექტრული სისტემის მოსალოდნელი წლიური წარმოება 3,711 მეგავატს შეადგენს და მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯგუფის მასშტაბით Scope 1 (პირდაპირი) და Scope 2 (არაპირდაპირი) ემისიების მაქსიმალურად ნეიტრალიზებაში. გარდა ამისა, პროკრედიტის ცხრა ბანკს აქვს სახურავის ფოტოელექტრული სისტემები, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრეა 466 კვტ. პროკრედიტის მიერ დაფინანსებული ფოტოელექტრული პროექტების ჯამური სიმძლავრე ახლა 859 მეგავატს შეადგენს, რაც საშუალებას აძლევს ჯგუფს წვლილი შეიტანოს მდგრადი ენერგიის გამოყენებაში მისი საქმიანობის ქვეყნებში. საერთო ჯამში, ჯგუფის პორტფელის 20%-ზე მეტი უკვე მიმართულია მისი მომხმარებლების ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და ეკოლოგიურად სუფთა ინვესტიციების მხარდაჭერაზე. საშუალოვადიან პერიოდში ეს წილი პორტფელის 25%-მდე უნდა გაიზარდოს.
არაერთმა სხვა ინიციატივამ ხელი შეუწყო პროკრედიტის ეკოლოგიური კვალის შემცირებას 2023 წელს, რამაც მისი მდგრადობის სტრატეგია უფრო განამტკიცა. პროკრედიტის ავტოპარკში ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების წილი წინა წლის 52%-იანი მაჩვენებლიდან 61%-მდე გაიზარდა 2023 წელს. გარდა ამისა, პროკრედიტი კვლავ ამუშავებს საჯაროდ ხელმისაწვდომ ელექტროდამტენ სადგურებს, რომელთა პოვნაც მარტივად შესაძლებელია პროკრედიტის მიერ შემუშავებული სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით.
2023 წელს კიევში მდებარე პროკრედიტ ბანკი უკრაინის სათავო ოფისმა მწვანე შენობის EDGE სერთიფიკატი მიიღო. პროკრედიტ ბანკის უკვე ექვსი სათავო ოფისი ფლობს ამ სერტიფიკატს. გარდა ამისა, პროკრედიტ ჯგუფმა შეინარჩუნა ქაღალდის ნარჩენებისა და ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების 100%-იანი მაჩვენებელი 2023 წელს.
ჩვენი პერსონალი მნიშვნელოვანია მდგრადობის სტრატეგიის წარმატებით განხორციელებაში. გასულ წელს დასაქმებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და 3951 შეადგინა (2022 წელს: 3543). პროკრედიტ ჯგუფი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოზიტიურ სამუშაო გარემოს თავის საშტატო შემადგენლობაში, რომელიც მრავალფეროვნებით, ჰორიზონტალური იერარქიით და ღია კომუნიკაციით ხასიათდება. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის, როგორც ჩვენი ძირითადი ღირებულებების ნაწილის, შემდგომი ხელშეწყობისთვის, 2023 წელს ყველა თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი ქცევის კოდექსში, რომელიც საერთო ჯამში 21,600 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 2024 წლიდან მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის შესახებ ყოველწლიური ტრენინგები რეგულარულად ჩატარდება. გენდერული თანასწორობის შემდგომი ხელშეწყობისთვის, პროკრედიტ ჯგუფმა გენდერული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 2023 წელს და შეუერთდა 2X გლობალურ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაძლებლობების განვითარებას და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ციფრებში გამოვსახეთ ჯგუფის ორიენტირება ქალების მიერ მართულ ბიზნესებზე: 2023 წელს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებზე გაცემული სესხებიდან, 20%-ზე მეტი გაიცა კომპანიებზე, რომელთა მინიმუმ 50% მფლობელებისა ქალები არიან.
გარდა ამისა, ჩვენი მომწოდებლების 90% შემოწმდა მდგრადი მომწოდებლების შესახებ ჯგუფის გაიდლაინების გამოყენებით, რომლებიც გარემოს დაცვის, სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორატიული მმართველობის სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავს. შემოწმებული მომწოდებლებიდან 40% შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც მდგრადი.
რამდენადაც ბანკი ორიენტირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და სოციალურ პროგრესზე, პროკრედიტი ნერგავს ინოვაციებს, ხელს უწყობს მდგრადი საზოგადოებების ფორმირებას და მხარს უჭერს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიმდიდრის დაგროვებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით. მაგალითად, ჩვენ დაახლოებით 193,000 სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენი 2023 წლის საკრედიტო პორტფელის მეშვეობით, ერთობლივი ზემოქმედების მოდელის გამოყენებით. ამ სამუშაო ადგილების დაახლოებით 42% ქალებს უკავიათ, რაც ხაზს უსვამს ჩვენს გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებას. გარდა ამისა, სამუშაო ადგილების მხოლოდ 7% უკავიათ ახალგაზრდებს, რაც ამცირებს კვალიფიციური სამუშაო ძალის მიგრაციას („ტვინების გადინებას“) და ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს ჩვენს სამოქმედო ქვეყნებში.
როგორც ნახშირბად-ნეიტრალობის საბანკო ალიანსის წევრმა, პროკრედიტ ჯგუფმა ყოვლისმომცველი სტრატეგია შეიმუშავა 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, არსებულ წარმატებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით და მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების ინიციატივასთან (SBTi) კონსულტაციით. ამ სტრატეგიის ფარგლებში, გასულ წელს სათბურის გაზების შემცირების მოკლევადიანი მიზნები განისაზღვრა SBTi მეთოდის გამოყენებით. SBTi ინიციატივამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ეს მიზნები მეცნიერულად გამართლებული და პარიზის კლიმატის შეთანხმების შესაბამისია. პროკრედიტ ჯგუფის მოკლევადიანი მიზნები მოიცავს 2022 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში საკუთარი Scope 1 (პირდაპირი) და Scope 2 (არაპირდაპირი) ემისიების 42%-ით შემცირებას. გარდა ამისა, პროკრედიტ ჯგუფი ძირითადად მხარს დაუჭერს იმ მომხმარებელთა დეკარბონიზაციის ღონისძიებებს, რომლებიც ყველაზე მეტ წვლილ შეიტანენ Scope 3 (სხვა არაპირდაპირი) ემისიების შემცირებაში. პროკრედიტ ჰოლდინგის Scope 3 მიზნის პირველი ნაწილი მოიცავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებთან თანამშრომლობას, ძირითადად სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორებში, რომლებზეც ჯგუფის პორტფელში ემისიების 28% მოდის. ამ თანამშრომლობის მიზანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობა 2027 წლისთვის მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების განსაზღვრაში. Scope 3 მიზნის მეორე ნაწილში, პროკრედიტი ვალდებულებას იღებს, 2030 წლამდე განაგრძოს მხოლოდ ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება განახლებადი ენერგიის სფეროში. როგორც კი SBTi ინიციატივის გრძელვადიანი წმინდა ნულოვანი მიზნების განსაზღვრის გაიდლაინები ხელმისაწვდომი გახდება, პროკრედიტი უზრუნველყოფს, რომ SBTi ინიციატივამ მისი გრძელვადიანი მიზნებიც დაადასტუროს.
პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის აღმასრულებელი დირექტორის ჰუბერტ შპეხტენჰაუზერის თქმით, „SBTi ინიციატივის მიერ ჩვენი ემისიების შემცირების მოკლევადიანი მიზნების ბოლოდროინდელი დადასტურებით, კიდევ ერთ ეტაპს მივაღწიეთ ჩვენს მდგრადობის სტრატეგიაში. როგორც მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებულ კომერციულ ბანკს, ჩვენ განსაკუთრებით გვსურს მხარი დავუჭიროთ ჩვენს მომხმარებლებს უფრო ეფექტურ და ეკოლოგიურად ნაკლებად საზიანო ბიზნეს საქმიანობაზე გადასვლაში. ჩვენი რიგით მეშვიდე ზემოქმედების ანგარიში ადასტურებს, რომ წარმატებით ვახორციელებთ მდგრადი განვითარების სახელმძღვანელო პრინციპს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა ღონისძიებებით“.
2023 წლის ზემოქმედების ანგარიშის პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. თავად ზემოქმედების ანგარიშში წარმოდგენილია პროკრედიტ ჰოლდინგის მდგრადობის სტრატეგიისა და მდგრადი მაჩვენებლების, ინიციატივებისა და სამომავლო მიზნების დეტალური მიმოხილვა და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემოთ განხილულ მეცნიერებაზე დაფუძნებულ ხუთ მიზანს. ზემოქმედების ანგარიშს თან ერთვის ზემოქმედების ანგარიშის საინფორმაციო ფურცელი, ანგარიშგების უწყვეტი გაუმჯობესებისა და შედარებითობის უზრუნველყოფის მიზნით.
ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ასევე დღეს გამოქვეყნდა, წარმოდგენილი იქნება E1 „კლიმატის ცვლილება“ და S1 „საკუთარი შრომითი რესურსები“ სტანდარტების შესახებ ინფორმაცია, როგორც ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების (ESRS) დანერგვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რაც მომავალში პროკრედიტ ჯგუფის მარეგულირებელ ჩარჩოს შექმნის მდგრადობის სფეროში. ESRS სტანდარტების შესახებ ანგარიში წარმოდგენილი იქნება 2024 ფინანსური წლის პუბლიკაციაში, რომელშიც ასევე შევა ორმაგი არსებითობის ტესტის შედეგები კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების შესახებ ევროკავშირის დირექტივის (CSRD) შესაბამისად.
პროკრედიტ ჯგუფის 2023 წლის ზემოქმედების ანგარიში და 2023 წლის წლიური ანგარიში დღეიდან ხელმისაწვდომია პროკრედიტ ჰოლდინგის ვებ-გვერდის ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში მისამართებზე: https://www.procredit-holding.com/investor-relations/reports-and-publications/non-financial-reports/ და https://www.procredit-holding.com/investor-relations/reports-and-publications/financial-reports/
საკონტაქტო პირი
ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,
ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com
პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის შესახებ
პროკრედიტ ჰოლდინგი AG, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest GmbH და ProCredit Staff Invest GmbH & Co KG (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), KfW, Dutch DOEN Participaties BV და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: https://www.procredit-holding.com/.