Eng

ProCredit Holding AG & Co. KGaA: ყოველწლიურმა საერთო კრებამ იურიდიული ფორმის სააქციო კორპორაციად გარდაქმნა ხმათა დიდი უმრავლესობით გადაწყვიტა

გამოქვეყნდა: 7.06.2023

მაინის ფრანკფურტი, 2023 წლის 5 ივნისი - განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიამ ProCredit Holding AG & Co KgaA-მა (შემდგომში - პროკრედიტ ჰოლდინგი) დღეს გამართა 2023 წლის ყოველწლიური საერთო კრება. ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანად ვირტუალური საერთო კრებების შემდეგ, ეს იყო პირველი კრება, რომელიც მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით გაიმართა.

კრებაზე სულ სააქციო კაპიტალის 76,50% იყო წარმოდგენილი. წლიურმა საერთო კრებამ კენჭისყრაზე გატანილი ყველა წინადადება დიდი უმრავლესობით დაამტკიცა.

მმართველმა საბჭომ პირველად წარადგინა პროკრედიტ ჯგუფის 2022 ფინანსური წლის დადებითი საოპერაციო საქმიანობის ანგარიში, პროკრედიტ ბანკი უკრაინაში ზარალის მნიშვნელოვანი რეზერვების გამოყოფის მიუხედავად. მმართველმა საბჭომ ასევე წარადგინა 2023 ფინანსური წლის დადებითი პერსპექტივა. 2023 წლისთვის, მოსალოდნელია კაპიტალის რენტაბელობის (RoE) 8-10%-მდე გაუმჯობესება არახელსაყრელ მაკროეკონომიკურ პირობებშიც კი. საშუალოვადიანი RoE წლის დასაწყისში დაახლოებით 12%-მდე უკვე გაიზარდა, ხოლო ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის კოეფიციენტის საშუალოვადიანი პოტენციალი დაახლოებით 57%-ია. 2023 წლის I კვარტალში 13.3%-იანი მყარი RoE (2022 წლის I კვარტალი: -0.8%) და ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის 57.0%-იანი კოეფიციენტი (2022 წლის I კვარტალი: 59.5%), რომელიც ერთჯერადი ზემოქმედების მიხედვით დაკორექტირდება, ხაზს უსვამს ჯგუფის პოზიტიურ მოკლე- და საშუალოვადიან პერსპექტივას.

პროკრედიტ ჰოლდინგის ყოველწლიურმა საერთო კრებამ ხმათა ძალიან დიდი უმრავლესობით გადაწყვიტა კომპანიის სამართლებრივი ფორმის სააქციო კორპორაციად შეცვლა. სამართლებრივი ფორმის შეცვლის ძირითადი მიზეზია ინვესტორების მხრიდან სააქციო კორპორაციის უფრო მაღალი მიმღებლობა და კომპანიის სტრუქტურის გამარტივება. პროკრედიტ ჰოლდინგის ბიზნეს მიმართულება და, კერძოდ, მისი ზემოქმედებაზე ორიენტირება, უცვლელი დარჩება სააქციო კორპორაციად გარდაქმნის დასრულების შემდეგაც.

„მმართველი საბჭოს სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ყველა აქციონერს დღევანდელ წლიურ საერთო კრებაზე დასწრებისთვის და, კერძოდ, ჩვენი სამართლებრივი ფორმის შეცვლის დამტკიცებისთვის. ჩვენი ვარაუდით, ამ ცვლილების დასრულებას უკვე შევძლებთ მომავალ თვეებში. საერთო ჯამში, დარწმუნებულები ვართ, რომ ჯგუფის კაპიტალის ბაზარზე არსებობა კიდევ უფრო გაძლიერდება ამ საერთაშორისოდ აღიარებული და ბაზრის განვითარებაზე ორიენტირებული კორპორატიული სტრუქტურით“, - განაცხადა ProCredit General Partner AG-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ჰუბერტ შპეხტენჰაუზერმა.

წლიურმა საერთო კრებამ ასევე გაითვალისწინა პროკრედიტ ჰოლდინგის გენერალური პარტნიორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინადადება 2022 ფინანსური წლის დივიდენდის არ განაწილებაზე და წლის განმავლობაში გაუნაწილებელი მოგების სრულად მომავალ პერიოდში გადატანაზე. ეს გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მუდმივი პოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის საფუძველზე.

ამასთან, აქციონერებმა ასევე დაამტკიცეს ახალი 2023 წლის საწესდებო კაპიტალი. ეს გადაწყვეტილება ცვლის წინა არსებულ ავტორიზაციას და გენერალურ პარტნიორს საშუალებას აძლევს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის საწესდებო კაპიტალი გაზარდოს ერთდროულად ან რამდენიმე ნაწილად, სულ 10%-მდე ოდენობით, ფულადი ან/და არაფულადი შენატანების სანაცვლოდ 5,889,849-მდე ახალი რეგისტრირებული არანომინალური ღირებულების აქციის გამოშვებით.

ამასთან, ყოველწლიურმა საერთო კრებამ დაამტკიცა გენერალური პარტნიორისა და სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობა 2022 ფინანსურ წელს.

კომპანიის სამართლებრივი ფორმის შეთავაზებული ცვლილების გამო, სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრმა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა საერთო კრების დასრულებისთანავე, რის გამოც ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება დადგა. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნებზე კენჭი იყარა სამეთვალყურეო საბჭოს ოთხმა არსებულმა წევრმა და ოთხივე მათგანი, კერძოდ, ბ-ნი რაინერ ოტენშტეინი, დოქტორი ჰუბერტუს პეტრუს მარია (ბენ) კნაპენი, ქ-ნი ჰელენ ალექსანდერი და ქ-ნი იოვანკა იოლესკა პოპოვსკა, ხელახლა აირჩიეს. ყოველწლიურმა საერთო კრებამ დოქტორი იან მარკუს შრედერ-ჰოჰენვარტი და ბ-ნი ნიკოლას ტესეიმანი პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებად აირჩიეს. დოქტორ იან მარკუს შრედერ-ჰოჰენვარტს საკრედიტო და განვითარებად ბაზრებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო ბ-ნ ნიკოლას ტესეიმანს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის შესახებ მდიდარი სპეციალიზებული ცოდნა, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ამასთან, კრებაზე დამტკიცდა წესდებაში ცვლილება სამომავლოდ მთლიანად ვირტუალური საერთო კრებების ჩატარების ფუნდამენტურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

BDO AG Wirtschaftsprüfungsgesellschaft, ჰამბურგი, კვლავ კომპანიის ფინანსური ანგარიშგების და ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნა 2023 ფინანსურ წელს.

დღის წესრიგის ცალკეულ საკითხებზე კენჭისყრის შედეგები, ასევე წლიური საერთო კრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება კომპანიის ვებგვერდზე: https://procredit-holding.com/investor-relations/general-meetings/.

საკონტაქტო პირი:

პროკრედიტ ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახური, ტელ.: +49 69 951 437 0, ელ-ფოსტა: pch.ir@procredit-group.com

ანდრეა კაუფმანი, პროკრედიტ ჰოლდინგის ჯგუფის კომუნიკაციების სამსახური, ტელ.: +49 69 951 437 138, ელ.ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.