ზოგადი ინფორმაცია ფიშინგის შესახებ
ტექნოლოგიების საუკუნეში, როდესაც ინოვაციური სერვისები მუდამ ხელმისაწვდომია, მნიშვნელოვანია, სიფრთხილით მოვეკიდოთ მათ გამოყენებას კიბერ თაღლითებისგან თავის დასაცავად.
კიბერ თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ფიშინგი, რომლის მიზანიც თაღლითური გზით მომხმარებლის საბანკო მონაცემების მოპოვება და დისტანციური არხებით არაავტორიზებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებაა.
მსგავსი შეტევის დროს კიბერ თაღლითებმა შესაძლოა, გამოიყენონ:
ელ.ფოსტა:
კიბერ კრიმინალების მიერ გამოგზავნილი შეტყობინება, როგორც წესი, სანდო წყაროსგან მიღებულ შეტყობინებას ჰგავს (მათ შორის ბანკის, ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის თუ კერძო პირის, რომელთანაც შესაძლოა კავშირი გქონდეთ). წერილში ხშირად არის ვებ-გვერდის ბმული, რომლის ვიზუალური მხარე არ განსხვავდება ნამდვილისგან.
- ელ. ფოსტის მიღებისას, რომელიც თქვენგან ბმულზე გადასვლას ან მიმაგრებული ფაილის გახსნას ითხოვს, ყურადღებით გაეცანით შეტყობინებას და შეამოწმეთ გამომგზავნი; არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას, პირადი ან საბანკო ინფორმაციის (მაგ: ბარათის ნომრის, მომხმარებლის პაროლის, ავტორიზაციის კოდის) დაფიქსირებას და/ან დადასტურებას. საუკეთესო პრაქტიკაა, მიღებულ ბმულზე ისრის მიტანით გადაამოწმოთ რეალური მისამართი და მასზე არ გადახვიდეთ პირდაპირ, არამედ მისამართი აკრიფეთ ხელით.
სატელეფონო ზარი:
კიბერ კრიმინალების მიერ, ასევე, გამოიყენება თაღლითური სქემები მობილური ტელეფონის/ზარის საშუალებით. თაღლითები შესაძლოა, დაგიკავშირდნენ ბანკის ან ნაცნობი ორგანიზაციის/პირის სახელით და სატელეფონო საუბრის დროს მოგთხოვონ კონფიდენციალური ინფორმაცია (მაგ: ბარათის ნომერი, მომხმარებლის პაროლი ან ავტორიზაციის კოდი), არაავტორიზებული ფინანსური ოპერაციის განხორციელების მიზნით, რომელსაც, როგორც წესი, თქვენთან საუბრის პარალელურად განახორციელებენ. გახსოვდეთ, რომ:
- ბანკი არასოდეს დაგიკავშირდებათ მოცემული მონაცემების მოსაპოვებლად;
- ყოველთვის თავად უნდა დააფიქსიროთ ბანკის მიერ ავტორიზებულ ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში საჭირო ავტორიზაციის პარამეტრები და/ან კოდები;
- მოცემული მონაცემების დაფიქსირებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ იმყოფებით ბანკის მიერ ავტორიზებულ ვებ-გვერდზე.
სოციალური ქსელები:
კიბერ თაღლითობაში განსაკუთრებით გახშირებულია სოციალური ქსელების გამოყენების შემთხვევები. შესაძლებელია, პოპულარულ სოციალურ ქსელებში შეგხვდეთ გაყალბებული გვერდები და ასეთი გვერდების გამოყენებით გამოგზავნილი შეტყობინებები, რომლებიც შეიცავენ წინასწარ გამზადებულ ვირუსულ ან „ფიშინგ“ ბმულებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სოციალურ ქსელებშიც აუცილებელია ზოგადი კიბერ უსაფრთხოების ზომების დაცვა:
- პერსონალური ან კონფიდენციალური ინფორმაციის დაფიქსირებამდე, აუცილებლად გადაამოწმეთ ვებ-გვერდის რეალურობა;
- არ ენდოთ შეტყობინებით მიღებულ ბმულებს და ვებ-ბრაუზერში თავად აკრიფეთ მისამართი, ბმულზე გადასვლის გარეშე;
- გახსოვდეთ, რომ სოციალური ქსელების საშუალებით ბანკი არ მოგთხოვთ ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას, როგორიცაა ბარათის ნომერი, მომხმარებლის პაროლი ან ავტორიზაციის კოდი.