Empower Her - ახალი ინიციატივა სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღწევა კომპლექსური მიდგომებისა და სხვადასხვა სექტორის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, პროკრედიტ ბანკი საქართველოში მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ინიცირებულ პარტნიორობებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალებისა და მათი თემების ცხოვრების პოზიტიურ ცვლილებებს, ქმნის კერძო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებს.
ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენს პროკრედიტ ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ ახალი პროექტი Empower Her, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ სექტორში ჩართულობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, „ფონდი ტასო“ სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიით სოფლად მცხოვრებ ქალებს შეარჩევს, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატები, პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, სპეციალიზებულ ბიზნესტრენინგებს გაივლიან. სულ ინიციატივა მთელი საქართველოს მასშტაბით 80 მონაწილის გადამზადებას ითვალისწინებს და ხელს შეუწყობს მეწარმე ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათ საჭიროებებზე მორგებული ცოდნისა და უნარების გაზიარებას. ტრენინგები სოფლად მცხოვრებ ქალებს დაეხმარება, გახდნენ თვითდასაქმებულები, წამოიწყონ შემოსავლის მომტანი საქმიანობები, გააფართოონ ან განავითარონ მოქმედი ბიზნესები.
„პროექტი რეგიონში მცხოვრები ქალების ბიზნესში ჩართულობის ზრდას, მათი ინიციატივების წახალისებას, თვითრწმენის ამაღლებასა და ურთიერთთანამშრომლობის კულტურის შექმნას ემსახურება. ჩვენთვის, როგორც განვითარებაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ინკლუზიურობაზე ორიენტირებული საბანკო ინსტიტუტისთვის, ეს საკითხი ნამდვილად პრიორიტეტია“, - აღნიშნავს პროკრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორი ზეინაბ ლომაშვილი.
პროექტი Empower Her განხორციელდება პროკრედის ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ახლახან გაფორმდა.
“პროკრედიტ ბანკსა და ფონდ "ტასოსთან" პარტნიორობა შესაძლებლობას იძლევა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესტრენინგებით სოფლად მცხოვრებ ქალებს, რაც მათ თავდაჯერებულობის გაზრდაში, ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებასა და არა მარტო ოჯახების, არამედ თემების გაძლიერებაშიც დაეხმარება”, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.
პროკრედიტ ბანკისა და მისი პარტნიორებისთვის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა და წარმატებული ქალი მეწარმეების რაოდენობის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ასე მიუახლოვდება ქვეყანა გენდერულ თანასწორობას, ინკლუზიურობა კი მცირე და საშუალო ბიზნეს პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცევა.