Eng

„ნაირფერი“ - რუსუდან ბოჭორიშვილის გზა ჰობიდან წარმატებამდე

გამოქვეყნდა: 20.11.2025

რუსუდან ბოჭორიშვილი იმ ძლიერ ქალებს შორისაა, რომლებმაც შესაძლებლობები რეალობად აქციეს და ყველა დაბრკოლების მიუხედავად, საკუთარი საქმიანობა წამოიწყეს. ის პროკრედიტ ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიისა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი პროექტის გამორჩეული მონაწილეა: რუსუდანი ჯერ 200 მონაწილეს შორის მოხვდა, შემდეგ კი იმ 79 ქალისგან შემდგარ სიაში აღმოჩნდა, რომელსაც პროგრამის დონორებმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს პროფესიულ საქმეში გასაძლიერებლად.

ხელსაქმის ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა და ხშირად ქარგავდა, ქსოვდა, კერავდა… გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიზაინ სტუდიაშიც მუშაობდა. თუმცა, წლების წინ გადაწყვიტა, რომ თავისი დრო ოჯახზე ზრუნვისთვის დაეთმო - საცხოვრებლად სოფელ საზანოში გადავიდა და კერვა შემოსავლის გამომუშავების წყაროდან დროებით ისევ ჰობად გარდაიქმნა.



ზესტაფონის რაონის სოფელ საზანოში, სადაც პეიზაჟები ალბათ შემოქმედებითი ადამიანებისთვის რაიმე ახლის შექმნის ინსპირაცია ხდება, რუსუდან ბოჭორიშვილი 3 შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მაშინაც კი, როდესაც მისი დროის ძირითადი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და დიასახლისობას ეთმობოდა, საყავრელი ხელსაქმე მაინც რჩებოდა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად. მას შემდეგ კი, რაც რუსუდანმა სრულიად მოულოდნელად ძველი საკერავი მანქანა მიიღო საჩუქრად, გადაწყვიტა სამუშაოს დაბრუნებოდა და ოჯახისთვის ახლა უკვე ფინანსურადაც დაეჭირა მხარი.

კერვა ყოველთვის მიყვარდა და საბედნიეროდ ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სფეროში პროფესიული ცოდნა და გამოცდილებაც დავაგროვე. აქტიურ მუშაობას წლების განმავლობაში ვერ ვახერხებდი, მაგრამ შემდეგ მაჩუქეს ძველი საკერავი მანქანა და გადავწყვიტე ისევ დავბრუნებოდი სისტემატიურ კერვას. “

პირველი იდეა, რაც რუსუდანს გაუჩნდა სადღესასწაულო სუფრის შეკერვა იყო, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ახალი შეკვეთებიც მოტანა. სამზარეულოს ტილოები, სუფრები, დეკორატიული გადასაფარებლები, წინსაფრები… ეს ის ტექსტილის პროდუქციაა, რომლის შეკერვაც რუსუდანის აზრით ყველაზე შედეგიანი იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა: ალღომ გაამართლა და მალევე მომხმარებლებში არა მხოლოდ ინდივიდები, არამედ მაღაზიებიც გამოჩნდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა ერთი საკერავი მანქანა არ იყო საკმარისი სრულყოფილი მუშაობისთვის.

პროექტის ფარგლებში მომეცა განსაკუთრებული შესაძლებლობა, სტაბილური შემოსავლის წყაროდ მექცია, ის რისი კეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს. შევიძინე საკერავი მანქანა, ავერლოკის მანქანა და ორთქლის უთო. ამ ყველაფრის საშუალებით ახლა უფრო დიდი რაოდენობის დაკვეთების აღება უფრო თამამად შემიძლია. ”




რუსუდანი მხოლოდ პროდუქციის წარმოებას არ დაჯერდა და ბრენდიც შექმნა: “ნაირფერი” ახლა უკვე ნაირგვარ შეკვეთებს იღებს და ამით ადგილობრივი კომუნის განვითარებასაც უწყობს ხელს.

“ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გზა გამოვნახო და ვითანამშრომლო არა მხოლოდ ფიზიკურ პირებთან, არამედ დაწესებულებებთან, სადღესასწაულო ღონისძიებების საორგანიზაციო გუნდებთან… შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს, მთავარია მათი შემჩნევა და დაჯერება, რომ გვიანი არადსროსაა.”