ოცნებიდან გეგმამდე, გეგმიდან რეალობამდე - ია კობახიძის ისტორია

ხანდახან სამომავლო გეგმებს არ ვსახავთ, რადგან უბრალოდ არ გვჯერა, რომ მათი შესრულება შეგვიძლია. არადა, ხშირად უბრალო მცდელობას და პირველი ნაბიჯის გადადგმას, მეტი თავდაჯერებულობა მოაქვს, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება და საბოლოო ჯამში ოცნებებს გეგმებად, გეგმებს კი რეალობად აქცევს ხოლმე. სწორედ ასე მოხდა ზესტაფონის რაონის სოფელ ქვემო საზანოშო მცხოვრები, ია კობახიძის შემთხვევაშიც:
ია უკვე წლების განმავლობაში კონდიტერიითაა დაკავებული და ცხობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. პარალელურად სკოლაში მუშაობს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ხელს უწყობს ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. ის სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც პროკრედიტ ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიისა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა.

როდესაც პროექტის შესახებ გაიგო, თავდაპირველად მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რადგან არ სჯეროდა, რომ ეს შესაძლებლობა მისთვის შედეგიანი აღმოჩნდებოდა. თუმცა, ბოლოს შინაგანმა ხმამ უკარნახა, გამოეყენებინა პროექტში ჩართვის ეს შანსი უნდა და შეუერთდა 200 მონაწილეს, რომლებმაც საკუთარი საქმის განვითარების გზა პირველ რიგში ცოდნის გაღრმავებით დაიწყეს. გრანტის მიღების მიმართ პესიმისტური განწყობები თვითდაჯერებულობამ ჩაანაცვლა მას შემდეგ, რაც იამ ტრენინგებზე ისწავლა, როგორ უნდა დაეწერა ბიზნეს გეგმა, როგორ ჩამოეყალიბებინა საგრანტო აპლიკაცია და როგორ ექცია საკუთარი წარმოსახვა ხელშესახებ პროექტად.
“სანამ პროგრამაში ჩავერთვებოდი, ჩემთვის ძალიან ბუნდოვანი იყო ყველა პროცესი, რაც ნებისმიერი ტიპის გრანტის მიღებას უკავშირდებოდა. თუმცა ჩვენმა გულისხმიერმა ტრენერებმა იმდენად დეტალურად, გასაგებად და ცხადად განგვიმარტეს პროცესები და საფუძვვლიანად გვასწავლეს ბიზნეს გეგმის წერა, რომ ჩემი წარმოდგენები სრულიად შეიცვალა. ახლა უკვე მაქვს საკუთარი თავის რწმენა და განცდა იმისა, რომ შემიძლია ჩემი იდეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმად გარდავქმნა.”

ია იმ ქალებს შორის აღმოჩნდა რომელმაც ცოდნის გარდა ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო. ამან კი მისი მოტივაცია ერთიორად გაზარდა - საკუთარი საკონდიტრო სივრცე ტექნიკით მოამარაგა და საყვარელი საქმე შემოსავლის კიდევ უფრო სტაბილურ წყაროდ აქცია.
“ჩემთვის კონდიტერია ცხოვრების ნაწილია - ესა არის საქმე, რომელიც შვებას და სიამოვნებას მანიჭებს. ახალი იდეების განხორციელების და ექსპერიმენტების საშუალება აქ ყოველთვის არის და მუდმივად ვცდილობ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია შევთავაზო... ახალი ტექნიკა საშუალებას მაძლებს უფრო დიდი რაოდენობის და უფრო მრავალფეროვანი ტკბილეული შევქმნა და მიხარია, რომ პროექტის დახმარებით კონდიტერიას კიდევ უფრო დიდი როლი მიეცა ჩემს ცხოვრებაში.”

ფონდი “ტასოს” მიერ ორგანიზებული ამ პროექტის მონაწილეების უმეტესობა პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიტად ახალ კონტაქტების შეძენასა, თანამოაზრეების გაჩენას ასახელებენ. აქ არც იაა გამონაკლისი და როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებული მოტივაცია სწორედ მისი თანამონაწილე ქალების გაცნობის შემდეგ იგრძნო:
“ბევრი ქალი გავიცანი, რომლების ისტორიაც ძალიან ჰგავდა ჩემსას. ადამიანების განწყობები გადამდებია - როდესაც მსგავსი გამოწვევები გაერთიანებს გრძნობ, რომ მარტო არ ხარ. არა მხოლოდ ჩემი, არამედ პროექტში მონაწილე ბევრი სხვა ქალის გამოცდილებაც მოწმობს, რომ ცდა ბედის მონახევრია - მცდელობას კი წინ არაფერი უდგას.”