პროკრედიტ აკადემია - უწყვეტი განვითარების შესაძლებლობა
პროკრედიტ ბანკი, თანამშრომლებზე ზრუნვის და მათი უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. პროკრედიტის გუნდს, წელს კიდევ 4 კურსდამთავრებული შეემატა ფრანკფურტთან მდებარე პროკრედიტის მენეჯმენტ აკადემიიდან. პროკრედიტ ბანკის მენეჯმენტის აკადემიის 2 წლიანი პროგრამა გრძელვადიანი საგანმანათლებლო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია პროფესიონალიზმის, ეთიკური ლიდერობისა და მდგრადი ხედვის განვითარებაზე. 2006 წლიდან აკადემია ფუნქციონირებს ფრანკფურტში და დღეს უკვე 1200-ზე მეტი კურსდამთავრებული და 70-ზე მეტი სასწავლო კურსი აქვს შემუშავებული.
მუდმივი განათლება, ინკლუზიური ხედვა და კრიტიკული აზროვნება აკადემიის მთავარი პრინციპებია. პროკრედიტ საქართველოდან მენეჯმენტის და ბანკირების აკადემია შარშან 14-მა თანამშრომელმა წარმატებით დაამთავრა, ხოლო ჯამში კურსდამთავრებულების რაოდენობა 80-ს აჭარბებს. აკადემიის მიზანია არა მხოლოდ საბანკო ცოდნის გაღრმავება, არამედ ისეთი ლიდერების ჩამოყალიბება, რომლებიც მზად არიან თანამედროვე გამოწვევებს გაცნობიერებული პასუხისმგებლობით უპასუხონ.
2025 წელს, მენეჯმენტის აკადემია საქართველოდან კიდევ ოთხმა თანამშრომელმა წარმატებით დაასრულა. თითოეული მათგანისთვის ეს არ იყო მხოლოდ სასწავლო მოდულების დასრულება არამედ, ეს იყო პიროვნული და პროფესიული გამოცდილების შერწყმის უნიკალური პროცესი. აკადემიის ორი წლის განმავლობაში მონაწილეები 12 განსხვავებულ ბლოკს გადიან, რაც მოიცავს როგორც საბანკო ოპერაციების და ბაზრის ანალიზის თემებს, ასევე უფრო კონცეპტუალურ და ღირებულებით მიდგომებს: ფილოსოფიას, ანთროპოლოგიას, ისტორიულ მოვლენებსა და გარემოსდაცვით გამოწვევებს. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ გახადა სასწავლო პროცესი ინსპირაციული.
ბექა ხუტუაშვილი, რომელმაც ახლახან დაასრულა აკადემიის კურსი, ინტერვიუში აღნიშნავს: “აკადემიაში ყოფნისას იყო მომენტი, როცა მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისას არამხოლოდ ლოგიკა, არამედ ღირებულებები და ეთიკური კონტექსტიც.”
სასწავლო პროცესს თან ახლდა ბერლინსა და პარიზში შემეცნებითი ვიზიტები, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დაენახათ როგორც ურბანული დაგეგმარების, ისე სოციალური და ეკონომიკური პროექტების ჭრილში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო მულტიკულტურულ ჯგუფებში მუშაობა. აკადემიაში ერთ სივრცეში თავს იყრიან პროკრედიტის 12 ქვეყნის წარმომადგენლები, რაც განსხვავებულ ხედვებსა და გამოცდილებას აერთიანებს. ამგვარ გარემოში კომუნიკაცია, ჯგუფური პროექტები და დისკუსიები თანამშრომლებს ავითარებს არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ადამიანურადაც.
„აკადემია დაგეხმარება საკუთარ თავს გარედან შეხედო,“ აღნიშნავს ნანა სულამანიძე, ჩვენი მენეჯმენტის აკადემიის კურსდამთავრებული. „შეაფასო შენი ძლიერი მხარეები, იპოვო მხარეები, სადაც მეტი განვითარება გჭირდება და გაიგო, რა გინდა შემდგომ ეტაპზე.“
მნიშვნელოვანია, რომ აკადემიაში სწავლის განმავლობაში მონაწილეები სრულად თავისუფლდებიან ყოველდღიური სამუშაო მოვალეობებისგან რაც საშუალებას აძლევს, ფოკუსირდნენ სწავლებაზე და ჩაერთონ დისკუსიებში მთელი ენერგიით. „თუ გინდა განვითარების სივრცე, რომელიც პროფესიულ ცოდნაზე ბევრად მეტს გაძლევს - უნდა სცადო, თუმცა პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის.“ აღნიშნა აკადემიის კურსდამთავრებულმა, ზურა მურაკაშვილმა. ბანკის მიდგომა იმ გარემოს შექმნას ეფუძნება, რომელიც თანამშრომლების პოტენციალის სრულ რეალიზებას შეუწყობს ხელს. ეს გარემო აერთიანებს თეორიას და პრაქტიკას, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, რაც შედეგად არა მხოლოდ კომპეტენტურ, არამედ მოტივირებულ და ღირებულებებზე ორიენტირებულ პროფესიონალებს ქმნის.
„იცით, ერთგვარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ - არა მხოლოდ ჩემი უნარები და ცოდნა განვავითარო, არამედ ხელი შევუწყო იმ ღირებულებების გავრცელების, რაც აკადემიამ მომცა.“აღნიშნავს ჩვენთან ინტერვიუში, დურმიშხან ირემაძე, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა მენეჯმენტის აკადემია. მართლაც, პროკრედიტის მენეჯმენტის აკადემიის კურსდამთავრებულობა არ ნიშნავს მხოლოდ ერთი პროგრამის წარმატებით დასრულებას - ეს ნიშნავს, რომ შენ მზად ხარ, ბანკის ღირებულებების მატარებელი იყო, სხვების განვითარებაში წვლილი შეიტანო და საკუთარი კარიერა უფრო დიდი სურათის ნაწილად აქციო.