Eng

მდგრადობა პრაქტიკაში. როგორ ზრუნავს პროკრედიტი, უკეთესი გარემოს შექმნაზე

გამოქვეყნდა: 5.06.2025

პროკრედიტი აგრძელებს სტრატეგიული მიმართულების განვითარებას, რაც ეკომეგობრული პროექტების განხორციელებასა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ეთიკური სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.

1999 წელს, პრორკედიტ ბანკი საქართველოში შემოვიდა ევროპული ხედვებითა და საბანკო პროდუქტებით, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და მათი მდგრადი განვითარებისთვის, ეკომეგობრული გადაწყვეტების შეთავაზებას გულისხმობდა. 13 წლის წინ კი კომპანიაში შეიქმნა ეკო ქვეგანყოფილება, რომელიც კორპორაციული მდგრადობის განვითარებასა და მწვანე პროექტების განხორციელებას ისახავდა მიზნად. შედეგად, ბანკმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო გარემოსდაცვითი ხედვების შემოტანა, შექმნა ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი პროდუქტი - ეკო სესხი, რომლითაც ფინანსდება ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის შემცირებისკენ მიმართული სხვა პროექტები.

გარდა გარემოზე ზრუნვისა, პროკრედიტის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხო ნაბიჯების გადადგმა, რაც ინკლუზიურ დაფინანსებას, მათ შორის ქალი მეწარმეების ხელშეწყობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მუშაობაში გამოიხატება.

პროკრედიტის ეკომეგობრული მიდგომების, ხედვებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს მდგრადი განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაშიაშვილი:

  • რა პროექტები განახორციელეთ გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოტანისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის?

ESG სტანდარტებისა და პოლიტიკის ეფექტიანად დანერგვისთვის საჭიროა მათი ინსტიტუციონალიზაცია. ამიტომაც 2012 წელს ბანკში შევქმენით სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით სტრატეგიაზე.

ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი პროექტები ჩვენსავე პრაქტიკაში განვახორციელოთ, რათა მაგალითი გავხდეთ ბაზრისთვის. აღნიშნულ პროექტებს შორის არის ჩვენს სათავო ოფისში რესურსეფექტური და ეკომეგობრული ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც გულისხმობს მზის ელექტროსადგურისა და წვიმის წყლის შეგროვების სისტემის მონტაჟს,რომელსაც ირიგაციისა და ტექნიკური მიზნებისთვის ვიყენებთ, ავტოპარკის სრულად განახლებას და 100%-ით ელექტრომობილებზე გადასვლას, და სხვა. ჩვენი ოფისი პირველი შენობა გახდა საქართველოში, რომელსაც მიღებული აქვს საერთაშორისო EDGE-ის სერტიფიკატი ენერგოეფექტურობისა და რესურსეფექტურობის მაღალი სტანდარგებისთვის.

ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლების იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, რაც ბანკს ESG პოლიტიკის განხორციელებისთვის ესაჭიროება. ჩვენი ტრენინგ კურსები მათ ეხმარება, უფრო ეფექტურად შეძლონ კლიენტებთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, ვმუშაობთ პროკრედიტის მომწოდებლებთან, რათა მათი ჯაჭვი მთლიანად მდგრადი გახდეს.

მიგვაჩნია, რომ ორგანიზაციის შიგნით დანერგილი ეკომეგობრული მიდგომები სხვა ბიზნესებისთვისაც წამახალისებელი გახდება.

  • რა პროექტებსა და სერვისებს ახორციელებს პროკრედიტი ბიზნესის წახალისებისთვისა და მხარდაჭერისთვის, რათა კლიენტებმა მათთვის ფინანსურად მიმზიდველი ინვესტიციები განახორციელონ და ამასთანავე, შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება?

გარემოსდაცვითი განყოფილების შექმნიდან, 2012 წლიდან დღემდე, დაახლოებით 2400-ზე მეტი ეკო სესხი გვაქვს გაცემული, რაც დაახლოებით 270 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული დაფინანსების უდიდესი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესებზე მოდის. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დიდი წვლილი შეგვაქვს მწვანე და სოციალური მიმართულების დაფინანსებაში და მაქსიმალურად ვცდილობთ, წავახალისოთ კომპანიები, რათა მდგრად პროექტებში განახორციელონ ინვესტიციები. ამ პროცესში ძალიან დიდია საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, რადგან მათ გარეშე დასახული მიზნების მიღწევა საკმაოდ რთული იქნებოდა. მათი დახმარებით შესაძლებლობა გვაქვს, კლიენტებს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით შევთავაზოთ სესხი, შევამსუბუქოთ უზრუნველყოფის ნაწილი და ჩვენი შიდა რესურსებით გავუწიოთ ტექნიკური მხარდაჭერა.

აღნიშნული პირობების შეთავაზებაში გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD, EIB-ი და სხვა ევროპული და ამერიკული ფონდები, რომელთა მეშვეობითაც ვიზიდავთ საკრედიტო რესურს და შემდეგ ალოკაციას ვახდენთ ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად. ამ პროცესის ნაწილია EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი რომელიც ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობილივი პროგრამაა და ხელს უწყობს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნეს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვებაში. ვერიფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ მსესხებელ კომპანიას საშუალება ეძლევა დაიბრუნოს აღებული სესხის 10-15%-მდე რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

აქვე უნდა აღინიშნოს პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“, რომელიც უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტიციას და რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ.აღნიშნული ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსება საშუალებას იძლევა, ინვესტიციის უკუგების პერიოდი მაქსიმალურად შემცირდეს.

  • პროკრედიტი დაფუძნებიდან 26 წლის განმავლობაში ევროპული სტანდარტებით ოპერირებს. რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის საქმიანობაში დასავლური გარემოსდაცვითი მიდგომების დანერგვა, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს?

ვიტყოდი, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი ბევრი ვალდებულება, რომლის შემადგენელი ნაწილია გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება. იქიდან გამომდინარე, რომ პროკრედიტის საქმიანობა რეგულირდება არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის, არამედ გერმანიის ფედერალური ფინანსური სამეთვალყურეო ორგანოს BaFin-ის მიერაც, ჩვენი პოლიტიკა ევროკავშირის დირექტივებსა და სტანდარტებთან არის თანხვედრაში. ჩვენი მხრიდან ეკომეგობრული მიდგომების გაზიარება ბიზნესებს მდგრად განვითარებაში ეხმარება.

  • საინტერესოა, თქვენი კორპორაციული პოლიტიკა გარემოსდაცვითი მიმართულებით გახდა თუ არა მაგალითის მიმცემი სხვა კომპანიებისთვის? რა გამოწვევები არსებობს გარემოსდაცვითი მიმართულებით ახლა და რა საპასუხო ნაბიჯებს დგამს პროკრედიტი?

გარემოსდაცვითი განყოფილების შექმნიდან 13 წლის შემდეგ ცნობიერება მკვეთრად არის ამაღლებული, რაშიც ჩვენს მნიშვნელოვან როლსაც ვხედავთ. მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს გამოწვევები და ვაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიული ხედვის განვითარებას, რათა უფრო სწრაფი ტემპით გადავიდეს ქვეყანა მდგრად და მწვანე ეკონომიკაზე. დასახული მიზნების მისაღწევად კლიენტებს კიდევ უფრო მიმზიდველი პირობები უნდა შევთავაზოთ.

გამოწვევებს შორის ასევე უნდა აღინიშნოს მეტი ინიციატივის საჭიროებაც, რაც გარემოსდაცვით მიმართულებას უფრო გააძლიერებს. და ჩვენს კლიენტებს უფრო ენერგოეფექტური და რესურს ეფექტური ინვესტიციები განხორციელებას დაასტიმულირებს.

  • რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, რას გულისხმობს ის? როგორ უწყობს პროკრედიტი ხელს ქალი მეწარმეების გაძლიერებას?

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოება უფრო ინფორმირებული გავხადოთ. მიზნის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობთ მომავალ თაობასთან. მაგალითად, USAID-თან პარტნიორობით განვახორციელეთ არაერთი საინფორმაციო პროექტი სტუდენტებისთვის. ასევე, სკოლის მოსწავლეებს გავაცანით როგორც პროკრედიტის სათავო ოფისში დანერგილი ეკომეგობრული ინფრასტრუქტურა, ისე მდგრადი მიდგომების მნიშვნელობა. გარდა ამისა, არაერთმა კომპანიამ თავად გამოთქვა სურვილი და ჩვენც ჩვენი ინიციატივით გავუწიეთ ტექნიკური მხარდაჭერა ნახშირორჟანგის ემისიების შესამცირებლად, რაც გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში. აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას.

მწვანე პროექტებთან ერთად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სოციალურ მიმართულებას და ინკლუზიურ დაფინანსებას, განსაკუთრებით აქტიურად ვუჭერთ მხარს ქალ მეწარმეებს, რომელთაც ერთი მხრივ ფინანსურ რესურსებზე წვდომა და მეორე მხრივ, ახალი უნარებით აღჭურვა სჭირდებათ. EBRD-ის დახმარებით შესაძლებლობა გვაქვს, ქალ მეწარმეებს შევთავაზოთ უკეთესი საპროცენტო განაკვეთი სესხზე, გრანტის მიღების შესაძლებლობა, ტრენინგები და კონსულტაციები.

  • რა გეგმები აქვს პროკრედიტს უახლოეს 5-წლიან პერსპექტივაში?

მომავალი 5 წლის განმავლობაში აქცენტს სამ ძირითად მიმართულებაზე ვაკეთებთ: ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეკო დაფინანსების გაძლიერება და ნულოვანი ემისიის მიზნების მიღწევა, რა მიმართულებითაც 2030 წლისთვის ჩვენს გეგმას საკუთარი ემისიების 42%-ით შემცირება წარმოადგენს.

ამასთანავე, გვსურს, ბანკში დავნერგოთ პროექტები, რომელიც ჩვენი კლიენტებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება. ასევე, თანამშრომლობას გავაგრძელებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ბაზარს მეტ საინტერესო და ენერგოეფექტურ პროდუქტსა და სერვისს შევთავაზებთ.

ვგეგმავთ, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მზის პანელების დაფინანსება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის (500 კვტ. დადგმული სიმძლავრე), არამედ მსხვილი სადგურების კომერციული დანიშნულებით მოწყობას, ამასთან დაკავშირებით ბანკში მნიშვნელოვანი ცოდნაც არსებობს და შეგვიძლია, კლიენტებს საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერაც აღმოვუჩინოთ.

მომავალში ვისურვებდით გარემოსდაცვითი მიმართულებით ბიზნესებისთვის ახალი სტანდარტების დაწესებას, რა მიმართულებითაც მზად ვართ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ მათ და ხელი შევუწყოთ საუკეთესო პრაქტიკებთან ადაპტაციაში. კერძოდ, დავეხმაროთ ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებასა და უფრო ეკომეგობრულ წარმოებაზე გადასვლაში. მდგრადი მიდგომების დანერგვა წარმოებაში სამომავლოდ მათ ახალი შესაძლებლობებს გაუხსნის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისა და ვაჭრობისთვის.