WIB პროგრამა - ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საერთაშორისო კონფერენცია Women in Business გაიმართა, რომლის მიზანი პროგრამის მიღწეული შედეგების შეჯამება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ნაბიჯების შეფასება იყო.
1 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების ალოკაცია და 250,000 ქალი მეწარმის მხარდაჭერა 23 ქვეყანაში - ეს მაჩვენებლები, პროგრამის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ასახავს.
კონფერენციას ესწრებოდნენ დონორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ბანკები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაზე. კონფერენციაზე ასევე მიწვეულები იყვნენ პროკრედიტ ბანკის დირექტორი ზეინაბ ლომაშვილი და პროკრედიტის ბიზნესის განვითარების სპეციალისტი ზურა მურაკაშვილი. პროკრედიტ ბანკი 2024 წლიდან Women in Business (WIB) პროგრამის პარტნიორია და ბანკის მხარდაჭერით 5 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი გამოიყო ქალთა მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად.
პროგრამის ფარგლებში უკვე 20-ზე მეტი კომპანია დაფინანსდა, ხოლო ბენეფიციარმა ქალებმა გაიარეს ფინანსური მენეჯმენტის ტრენინგი, რომელიც მათი ფინანსური კომპეტენციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ქალი მეწარმეების დაფინანსების შესაძლებლობა პროკრედიტში კვლავ აქტიურია და პროექტში ჩასართავად საჭიროა, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორთა საბჭოს 50%-ზე მეტს ქალები შეადგენდნენ.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება პროკრედიტ ბანკისთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მდგრადი და ინკლუზიური ბიზნესგარემოს შექმნას საქართველოში.